logo
ENG



ოცნების დეპუტატი ამბობს, რომ კრამონი "ძალადობის და მოძალადეების მხარდამჭერ" აქციაში ჩაერთო

03 აპრ 202312:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/03/opsxo9cbpr93exs.jpg

ქართული ოცნების დეპუტატი, მარიამ ლაშხი დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად გამართულ აქციას "ძალადობისა და მოძალადეების მხარდამჭერ" აქციას უწოდებს და აცხადებს, რომ სწორედ ამას შეუერთდა ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი. ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედთან ისაუბრა.

"ევროპარლამენტი, რომელიც მოგიწოდეს, ერთი მხრივ, კანონის უზენაესობაზე, დეპოლარიზაციაზე, ამის პარალელურად, ევროპარლამენტარი იყოს ჩართული, როგორც ძალადობის და მოძალადეების მხარდამჭერ აქციებში და განცხადებებში, ჩვენ გვახსოვს გამჭვირვალეობასთან დაკავშირებითაც, ერთი მხრივ, შეიძლება, მის ქვეყანაში მხარს უჭერდეს ამას, მაგრამ სხვა ქვეყანაში მაიდანს ამსგავსებდეს. შესაბამისად, ყოვლად მიუღებელია, გაუგონარია", - განაცხადა დეპუტატმა.

პირველ აპრილს მთავრობის კანცელარიასთან 7-9 მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა. აქციაზე ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მივიდა და დაკავებულ აქტივისტს სოლიდარობა გამოუცხადა. მოგვიანებით, მან ფორმულას ეთერში ქართულ ოცნებასა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე ისაუბრა - ევროპარლამენტარმა იმედი გამოთქვა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის მიუხედავად, ქვეყანას სტატუსს მაინც მიანიჭებენ.

31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.

შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.


close დახურვა